შსს-მ 1 პირი დააკავა

2019-10-05 18:19:52

ბათუმში, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მდებარე 2 საცხოვრებელ ბინაში 3 ნოუთბუქის მოპარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ძ., ქურდობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ანგისისა და ინასარიძის ქუჩებზე მდებარე 2 საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწია, საიდანაც 3 ნოუთბუქი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.