"ჯერ სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას ...."

2019-10-05 11:24:59

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მზიმე სკანდალში ეხვევა. მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მსხვერპლი მისი თანაშემწეა. თამთა თოდაძეს ძალადობის კვალი ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობა. ძალადობას ადასტურებს ექსპერტიზაც.

დეპუტატის მიმართ გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

„ჯერ სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას. მერე რომ ვეცადე, გავქცეოდი ამ ყველაფერს, ფიზიკურად შემეხო და იძალადა“ - ყვება თამთა თოდაძე. ის ამბობს, რომ დეპუტატი ამ დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

მისი თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ სასწრაფო თვითონ გამოიძახა. მას ფსიქოლოგიური დახმარება დაუნიშნეს. ძალადობის მსხვერპლმა დახმარება პატრულს სთხოვა. იმავე დღეს ჩატარდა ჩხრეკა დეპუტატის ოფისში. ამოღებულია ინციდენტის დროს დამტვრეული კომპიუტერი და პრინტერი.

ვინ არის და რას საქმიანობს ილია ჯიშკარიანი, რომელსაც გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. „პრაიმტაიმი“ სკანდალურ დეპუტატზე მცირე ინფორმაციას გთავაზობთ.

ილია ჯიშკარიანი 1965 წელს დაიბადა. პროფესიით ინჟინერია, კავშირგაბმულობის სპეციალისტი. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

2014 წლიდან თბილისის საკრებულო ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ილია ჯიშკარიანმა ხმათა 47.92% მიიღო. აღსანიშნავია, რომ ილია ჯიშკარიანი 1999-2001 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარისხის ინსპექციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

2001 წლიდან 2014 წლამდე კი ძირითადად კერძო სექტორში საქმიანობდა. 2001 წლიდან დღემდე არის შპს. „ოპიზარის“ წილის მფლობელი და დირექტორი. ის ასევე არის შპს. „ნავთლუღის ჯგუფის“ წილის მფლობელიცაა.  აღსანიშნავია, რომ შპს „ნავთლუღის ჯგუფში“ ილია ჯიშკარიანთან ერთად წილს ფლობს საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ის ილია ჯიშკარიანის მსგავსად კომპანიის 28 %-ს ფლობს.  დავით ჭიჭინაძე ისნის მაჟორიტარია. ამავე კომპანიაში 28%-იან წილს ფლობს ლევან გვენცაძე. ის 2012 წლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. კომპანია, რეესტრის მონაცემებით, 2014 წელს დარეგისტრირდა.

„ლიბერალის“ მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ჯიშკარიანის მიერ სხვადასხვა დროს პარტიებისთვის შეწირული თანხის ჯამი 76, 328 ლარია.  ბოლოს ჯიშკარიანმა 50,000 ლარი „ქართულ ოცნებას“ შესწირა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მძიმე სკანდალში გაეხვა. მას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. მსხვერპლი მისი თანაშემწეა. თამთა თოდაძეს ძალადობის კვალი ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობა. ძალადობას ადასტურებს ექსპერტიზაც.

დეპუტატის მიმართ გამოძიება სამი მუხლით არის დაწყებული.

ინფორმაციას ძალადობის შესახებ მთავარი არხი ხოლო დეპუტატის საქმიანოობის შესახებ პრაიმტაიმი ავრცელებს