რა ვითარებაა მეხუთე სკოლაში

2019-10-03 19:14:26

"რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში 2 მანდატური და ფსიქოლოგი დაემატა,-"ამის შესახებ ინფო რუსთავთან რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.

თამარ ხეჩიკაშვილი აცხადებს, რომ სკოლაში მოსწავლეების უსაფრთხოება დაცულია. მისივე ინფორმაციით, სურვილის შემთხვევაში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი ნებისმიერ ბავშვთან იმუშავებს.

მშობლების ნაწილი ამბობს, რომ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ რადგან საფრთხე ამ დრომდე არსებობს. მშობლებმა დირექტორს პრობლემის მოსაგვარებლად 2 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც ხვალ იწურება. მათი თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი აქციებს უკვე ორშაბათიდან განაახლებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მოსწავლეების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება. აღნიშნულის მიზეზი მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მომხდარი ინციდენტია. როგორც რუსთავის N5 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი აცხადებს, მეექვსეკლასელმა მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა. მასწავლებელი ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკა „რუსთავში“ მოათავსეს.

მუსიკის პედაგოგის, ნანა წიქარიშვილის ბრალდებებს ნაწილობრივ აღიარებს თავად მე-6 კლასის მოსწავლე. გოგონა ადასტურებს, რომ პედაგოგს ნამდვილად უთვალთვალებდა, თუმცა მასწავლებელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს უარყოფს.