თბილისის ქუჩებში "შმაქსი" გამოჩნდა

2019-10-03 19:05:58

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა დღეს კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ  მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს.  

პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ასე „გირჩი“ თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს.

„შმაქსი“ დაიქირავებს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. მასწავლებლები, იგივე „შმაქსისტები“, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში გირჩის მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

ჯაფარიძის განცხადებით, პროექტის მიზანი ქართულ საზოგადოებაში საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გავრცელებაა.

ქალაქის ქუჩებში „შმაქსის“ მანქანები უკვე გამოჩნდა. შეუძლია თუ არა შსს-ს „შმაქსაობის“ გამო მძღოლების დაჯარიმება, უწყების პასუხია ასეთია:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია მოქმედებს კანონის სრული დაცვით და კანონდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხევაში, პოლიცია მოახდენს მყისიერ რეაგირებას“, - თქვეს შსს-ში.