სუიციდი ქუთაისის ციხეში

2019-10-01 23:01:25

ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გ. წ.-მ, რომელსაც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა​, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, 17:53 საათზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

„2019 წლის 28 სექტემბერს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა ბრალდებული გ.წ. (დაბადებული 1983 წ., წარსულში ნასამართლევი), რომელსაც 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გ.წ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-109 მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ პუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, 2019 წლის 27 სექტემბერს ზუგდიდში მდებარე სასაფლაოზე საკუთარი ძმის მკვლელობა.

2019 წლის 30 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ბრალდებული N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს საკანში, სადაც იგი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:28 სთ-ზე ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

დაწესებულების თანამშრომლების მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პარალელურად პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის მიერ დაიწყო სარეანიმაციო ღონისძიებები. სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაწესებულებაში 17:30 სთ-ზე მივიდა, მაგრამ მიუხედავად მედპერსონალის მცდელობისა, 17:53 სთ-ზე დაფიქსირდა ბრალდებულის გარდაცვალება.

მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, რამაც გამოიწვია ადამიანის სისცოცხლის მოსპობა) და ამავე კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ამჟამად საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს, 1983 წელს დაბადებულ გ.წ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა.