რომელი პროფესიის ადამიანებს გაეზრდებათ ხელფასი

2019-09-30 13:19:08

2020 წელს გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ხელფასების ზრდაა დაგეგმილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია მასწავლებლებისთვის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, სამართალდამცველებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ექიმებისთვის და ა.შ.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით. გარდა ამისა გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცველების, ჯარისკაცების და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და სახელმწიფო თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით. 2020 წლის პირველი ივლისიდან ასევე გაიზრდება სოფლის ექიმების ხელფასებიც 100 ლარით. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ეს გახლავთ ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები და რა თქმა უნდა ექიმები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.