ცვლილებები ინსპექტირების წესში

2019-10-03 17:43:33

გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების წესში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

კერძოდ, ტექინსპექტირების გავლის პროცესში, აირბალონის ექსპლუატაციის ვადიანობის შესახებ დოკუმენტის წარდგენაც დასჭირდება.

ამასთან, ინსპექტირების წესში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გათხევადებული აირის აირბალონის ინსპექტირება − 5 წელიწადში ერთხელ, შეკუმშული ბუნებრივი აირისა და გათხევადებული აირის აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის ინსპექტირება კი სამ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება აირბალონების ქარხანა-დამამზადებლის მიერ და არაუმეტეს 20 წელია − შეკუმშული აირის ბალონების შემთხვევაში, ხოლო გათხევადებული აირის აირბალონების შემთხვევაში არაუმეტეს 10 წელს შეადგენს.

აღნიშნული ცვლილებები რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა.