რეორგანიზაცია რუსთავის მერიაში

2019-09-26 13:06:34

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ, კომისიის თავმჯდომარის ამირან ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, № 27-ე სხდომა გამართა.

როგორც მერიის აპარატის ხელმძღვანელმა ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება განპირობებულია მერიის აპარატში ორი განყოფილების, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებების შერწყმით. რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა, შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის განყოფილება და შეიქმნა ერთი პირველადი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი.

"დღევანდელ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით ჩვენ მოვახდინეთ მერიის ორი განყოფილების შერწყმა, კერძოდ კი შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის განყოფილების. რის შედეგადაც ორი საშტატო ერთეული გვქონდა, ერთი ხელმძღვანელი ჩამოქვეითდა და დაგვრჩა ერთი. შრომითი ანაზღაურების კუთხით სახელფასო ფონდი არ შეცვლილა, არ გაზრდილა და ასევე, როდესაც ჩვენ გვქონდა ორი ვაკანტური ადგილი სოციალური სამსახურის მიმართულებით ამ ორი ვაკანტური ადგილის საშტატო ერთეულის გაუქმება მოხდა, ხოლო დარჩენილი ხელფასები წინა სხდომაზე გადავანაწილეთ სხვადასხვა საჯარო მოხელეებზე. ამავდროულად მოხდა მერიის აპარატის დებულებებში ტექნიკური ცვლილებების შეტანა" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას ამირან ჯანჯღავამ განაცხადა.

აღნიშნული ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში არ იწვევს შრომის ანაზღაურების ფონდის ცვლილებას, თუმცა მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობათა რაოდენობა შემცირდა ორი ერთეულით და განისაზღვრა 217 საშტატო ერთეულით.