ქუჩაში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

2019-09-18 17:28:54

თბილისში, საბურთალოზე მიტოვებული ჩვილი იპოვეს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი, რომელიც კალათაში იყო მოთავსებული, ქუჩაში სტუდენტმა ნახა. ახალშობილი ერთ თვემდე ასაკისაა.

არსებული ინფორმაციით, საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო, რომელშიც ეწერა რომ - „ვინც ჩემს შვილს იპოვის, ბოდიშს ვუხდი. ღმერთმა დიდი ბედნიერება მარგუნა, მაგრამ არ შემიძლია შვილს მოვუარო. მისი მიტოვება ჩემთვის სიკვდილს ნიშნავს. ჯერ ისე პატარა და ისე უმწეოა... თუმცა, ის შიმშილით სიკვდილისთვისაა განწირული. ჩემი პატარას მიტოვება იძულებითი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალობა, რომელშიც მე ვცხოვრობ ამას მაიძულებს. დღეს მხოლოდ 1.60 ლარი მქონდა, კალათში ვტოვებ ორ ცალ პამპერსს.

შვილო, როცა გაიზრდები ალბათ, მაპატიებ, სიცოცხლის ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ და ცრემლს არ გავიშრობ, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე, რომ სადღაც, თუნდაც ჩემგან შორს ცოცხალი ხარ. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით კარგი ადამიანების ხელში მოხვდები.

არ ვიცი ჩემი დანაშაულია თუ არა, რომ არ მაქვს ელემენტარული თანხა რომ მოგიარო. შენ ხომ იცი ჩემო პატარავ, რომ უკვე მესამე დღეა მშიერი ვარ, მაპატიე, რომ დედობა ვერ შევძელი. იქნებ ოდესმე შევხვდეთ კიდეც. შენთვის ვილოცებ“.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ამ დროისთვის ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.