საქსტატი: საარსებო მინიმუმი 189.2 ლარს შეადგენს

2019-09-17 15:01:29

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 189.2 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 187.2 ლარი იყო.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 17.8 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში ეს მონაცემი 171.4 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში 1.7 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 167.5 ლარი შეადგინა, 3.4 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 317.3 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის აგვისტოს მონაცემთან შედარებით, 29.7 ლარით არის გაზრდილი.