ასპინძაში, ახალგაზრდა კაცი ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.
როგორც ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ყირიმ–კონგოს სიმპტომების შემდეგ, კაცმა ჯერ ახალციხის „იმედის“ კლინიკას მიმართა, საიდანაც, სავარაუდო დიაგნოზით, თბლისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.
"სინჯები ლაბორატორიაში გასაგზავნად, ინფექციურ საავადმყოფოშივე აიღეს. ინფექცია სწრაფადპროგრესირებადი იყო და მალე გარდაიცვალა. ფერმა ჰქონდა, საქონელი ჰყავდა და, სავარაუდოდ, დაავადება მისგან ყირიმ–კონგოს ტკიპის მეშვეობით გადაედო, რადგან სწორედ საქონელია ამ დაავადების მატარებელი“, – განაცხადა ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მზია პაპაშვილმა.
არსებობს თუ არა საშიშროება, რომ დაავადება ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ, პაპაშვილის თქმით, შესაძლებელია. ამიტომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ნებირმიერ პირზე, მათ შორის ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე, დაკვირვებას აწარმოებენ.
"ჩვენ აღრიცხვაზე ავიყვანეთ ყველა ეს პიროვნება და ვაწარმოებთ ორკვირიან ზედამხედველობას. გაფრთხილებული გვყვავს, რომ თუკი ყირიმ–კონგოსთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი ექნებათ, დაუყოვნებლივ უნდა მოგვმართონ და დავიწყოთ დროული მკურნალობა“, – აცხადებს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.
გარდაცვლილი მამაკაცი ფერმერი იყო და სავარაუდოდ, დაავადებაც საქონლისგან გადაედო.