"ჯეოსთილი" 5000 ლარით დაჯარიმდა [video]

2019-09-13 18:53:45

რუსთავის საქალაქო სასამართლომ "ჯეოსთილი" სამართალდამრღვევად სცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. [ვიდეო/video]

საქმეს "ჯეოსთილის" საწარმოო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მოსამართლე ნატა თედეშვილი განიხილავდა, რომელმაც საწარმოს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკისრა.

საქმე ეხება მოსარჩელე მხარის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეებში, "ჯეოსთილში" ჩატარებულ ინსპექტირებას, შემოწმების საფუძველზე საწარმოო პროცესში რიგი დარღვევების გამოვლენასა და დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსახილველად რამდენიმე კვირის წინ გადაეგზავნა.

საქმის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა. საწარმო "ჯეოსთილის" ადმინისტრაცია ოქმებში წარმოდგენილ მუხლებს ნაწილობრივ ეთანხმებოდა, თუმცა კატეგორიულად უარყოფდა ზოგიერთ ასპექტს.

გაასაჩივრებს თუ არა "ჯეოსთილი" რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია, საკითხთან დაკავშირებით საწარმოს უფლებადამცველმა დიმიტრი ხრიკაძემ განაცხადა, რომ: - "ამის შესახებ მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას".

აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვა დაიწყო დაცვის მხარის მოთხოვნით, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" მიერ გამოქვეყნებული სტატია საქმეში წარმოდგენილი ყოფილიყო მტკიცებულების სახით, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ მასალა საქმესთან შემხებლობაში არ იყო და მტკიცებულების აცილების საკითხი დააყენა. საუბარია სტატიაზე, რომელიც "ინფო რუსთავმა" მოძრაობა "გავიგუდეთ"-ს მიერ სამართალდარღვევათა ოქმების გასაჯაროვების შემდეგ გამოაქვეყნა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც მოძრაობა "გავიგუდეთ"-ს დამფუძნებლები არიან. ნიკა მუსერიძის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და მას სრულებით ეთანხმება.

ნახეთ ფრაგმენტები სასამართლო პროცესიდან.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები