"ჯეოსთილში" დარღვევები გამოვლინდა [photo]

2019-09-03 00:02:32

"ჯეოსთილის" საწარმოო პროცესში გამოვლინდა არაორგანიზებული დარღვევები, დაბინძურებული ჯართი შედის ამ საამქროში, სხვადასხვა ტიპის ზეთები მიყვება , რეზინი მიყვება რომელიც იწვევს არაორგანიზებულ გაფრქვევას რაც იწვევს ზედმეტ გამონაბოლქვს"- ამის შესახებ "ინფო რუსთავს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ვასილ დათიშვილმა განუცხადა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ცხელ ხაზზე შესული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, მიმდინარე წლის მაისი-ივნისის თვეებში, "ჯეოსთილზე" გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ინსპექტირება განახორციელა და საწარმოო პროცესში რიგი დარღვევები გამოავლინა.

ვასილ დათიშვილის ინფორმაციით, საქმეზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებია სადაც დაფიქსირებულია ყველა დარღვევა, ეს ყველაფერი კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. "ველოდებით სასამართლო რა დადგენილებას გამოიტანს და განესაზღვრება საწარმოს დარღვევების გამოსწორების გონივრული ვადები. "ჯეოსთილი" თანახმაა გამოასწოროს დარღვევები და ვნახოთ", - აღნიშნავს დათიშვილი.  მისივე ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის, საწარმო შესაძლოა 7000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირობებს არ გამოასწორებს, 3 დაჯარიმების შემდეგ "ჯეოსთილს" საწარმოო პროცესი შეუწყდება.

აღსანიშნავია, რომ ოქმები სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა "გავიგუდეთ" საკუთარ ოფიციალურ ფეიბუქ გვერდზე გაასაჯაროვა. "ჩვენ გავიმარჯვეთ, წინ სასამართლოა, ჯეოსთილს აუცილებლად ავიღებთ", - ამბობს მოძრაობის დამფუძნებელი ნიკა მუსერიძე.

ოქმებს, სადაც დარღვევებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ, "ინფო რუსთავი" უცვლელად გთავაზობთ.