"ჩვენ გავიმარჯვებთ 2020 წლის არჩევნებში"

2019-09-12 12:24:03

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებივი მოძრაობა "ლელო" დააფუძნა. ამის შსახებ ანაკლიაში გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

„ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“, - განაცხადა ხაზარაძემ. აღსანიშნავია, რომ მან მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ერთი სტროფი წაიკითხა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ ხნის განმავლობაში, დაკარგა ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, რაც ყველაზე მთავარია, კარგავს თავის ხალხს, რომელიც გადის ქვეყნიდან.

„ჩვენ ვდგევართ ახლა იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის. სწორედ აქედან ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდეს ჩვენი ვექტორი, ვექტორი დასავლეთისკენ. ვინ ვართ ჩვენ? რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ? - ჩვენ ვართ ადამიანები, სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით და ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვკრიბა აქ აბსოლუტურად სხვა რეალობამ. იმიტომ, რომ საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებიც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროში თქვენნაირად შექნეს წარმატების ისტორიები. ეს არის უმნიშვნელოვანესი. სად აღმოვჩნდით დღეს? რატომ ვართ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი წრის გარშემო? რატომ ვართ მოჯადოებულ წრეში?", - განაცხადა ხაზარაძემ.

მოძრაობის დამფუძნებლის თქმით, მისი გაერთიანება მოძებნის 12 ადამიანს ყველა სფეროში, რომლებიც თავისი საქმის ლიდერები იქნებიან.

"ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არის იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა.