ალეკო კობაიძე რუსთავის მერს კორუფციაში ადანაშაულებს

2019-09-11 20:11:28

დახარჯული ასობით ათასი ლარი და შეუსრულებელი სამუშაო – უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მერს კორუფციაში ადანაშაულებს.

თანხა მერიამ კომპანია ”ჰერიოს” მშვიდობის ქუჩის გზის მოსაწყობად გადაუხადა, კომპანიას დაკისრებული ვალდებულება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა შეესრულებინა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე დაუსრულებელი და მიტოვებულია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

კობაიძის ინფორმაციით, მან ირაკლი ტაბღუას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი უკვე შეიტანა. რადგან მისი თქმით, რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კორუფციის ნიშნებს ხედავს.

 "კომპანია "ჰერიოს" რუსთავის მერის ინიციატივით გაუფორმდა ხელშეკრულება. კომპანიის ვალდებულება იყო, რომ ასფალტი დაეგო ჩვენს ქალაქში, კერძოდ კი მშვიდობის ქუჩაზე, რაც მათ ვერ შეასრულეს სამუშაოები დროულად. მიუხედავად ამისა, მერმა რამდენჯერმე გააგრძელა ისეთ კომპანიასთან ურთერთობა, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი მოვალე, ანუ ეს კომპანია არის შემჩნეული არაკეთილსინდისიერებაში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რუსთავის მერის ინიციატივით, არათუ წყდებოდა ამ კომპანასთან ურთიერთობა, არამედ პირიქით, აძლევდა ამ კომპანიას საშუალებას გაეგრძელებინა მათთან თანამშრომლობა. ეს არის მთავარი არსობრივი საკითხი და მე მაქვს საფუძველი, ვივარაუდო, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი კორუფციულ გარიგებას, რადგან არ შეიძლება ისეთ კომპანიას, რომელიც გაკოტრების პირასაა შენ აძლევდე იმის საშუალებას, რომ რაიმე ვალდებულება შეგისრულოს და ამის სანაცვლოდ შენ თანხას უხდიდე, იმაში, რომ არ ასრულებდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას. მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები დროულად მოახდენენ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

რუსთავის მერმა, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფო რუსთავთან 10 აგვისტოს ისაუბრა.