"დარწმუნებული ვარ განიცდით, როგორც ადამიანი"

2019-09-07 13:27:58

"ხალხი 20 ივნისის მოვლენებისას დაშალა გაზმა და წყლის ჭავლმა. რეზინის ტყვიების გამოყენების საჭიროება არ იყო, იმიტომ, რომ ამან დაასახიჩრა ადამიანები და ეს არის ძალიან მძიმე შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან ღრმად განიცდით ამას, როგორც ადამიანი, მაგრამ ჩვენი განცდები ვერ ეხმარება მათ, ვინც დაზარალდნენ ამ ტრაგიკული მოვლენებისას", - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას ფრაქციის ფორმატში მოსმენისას მიმართა.

გარდა ამისა, ინაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს პარლამენტში შეიჭრას, თუმცა მეთოდი უნდა იყოს დაბალანსებული.

"მაგრამ არის ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანი მხარე, რომ პარლამენტში შესვლის მსურველი უნდა გააჩეროთ, თუმცა აქ მეთოდზეა საუბარი. დოზირება და ბალანსი ყოველთვის უნდა იყოს დაცული. მე ბევრჯერ მომხვდა რეზინის ტყვიაც, ბევრ დარბევაში მივყევი, თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული მაქვს და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვინმეს თავი შეგაცოდოთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თაობა გაიზარდა 7 წლის მანძილზე ამ ქვეყანაში, რომლსაც აღარ ახსოვს რა იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი. ჩვენ მოგვიწევს იმ ტიპის საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება, რომ ამ თაობას თავიდან მოვუყვეთ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე 2003-2011 წლებში.  ვუთხრათ, რომ იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, მაგრამ რეზინის ტყვიები არა, არასდროს არ უნდა გამოვიყენოთ და ამ ინიციატივას დავარეგისტრირებთ კიდეც ჩვენ პარლამენტში", - აცხადებს ირმა ინაშვილი.