შეწყდა თუ არა ციხის მშენებლობა რუსთავში

2019-09-11 22:06:47

რუსთავში, დასახლებულ პუნქტში ციხის მშენებლობის საქმეზე სასამართლო პროცესები შეწყდა.

როგორც საქმეში მოსარჩელე მხარის, ჭყონდიდელის დასახლებაში რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების უფლებადამცველმა, ნიკოლოზ გრიგალაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბარში განაცხადა, სასამართლო პროცესების შეწყვეტა ოფიციალური წერილის საფუძველზე მოხდა, რომელიც დაცვის მხარემ პენიტენციური სასმსახურიდან მიიღო.

"სასამართლო პროცესი შეწყდა იქიდან გამომდინარე, რომ მოიწერა ოფიციალური წერილი პენიტენციურმა სამსახურმა, რომ მშენებლობა აღარ მიმდინარეობს. სასამართლომ დაგვავალა მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები მოგვეძიებინა, ჩვენ ოფიციალური წერილი მივწერეთ სამსახურს და მოგვწერეს, რომ მშენებლობა შეწყვეტილია. მე მგონია, რომ ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო", - აცხადებს ნიკოლოზ გრიგალაშვილი.

ჭყონდიდელის დასახლებაში, იმ ლოკაციაზე, სადაც ციხის აშენებაა დაგეგმილი, სამუშაოების შეწყვეტის ფაქტი ადგილობრივებმაც შენიშნეს. მოსახლეობა "ინფო რუსთავს" კითხვით, ხომ არ გადაიფიქრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების განთავსება, აქტიურად უკავშირდება. საინფორმაციო სააგენტომ ფაქტი პენიტენციურ სამსახურში გადაამოწმა, სადაც განგვიცხადეს, რომ: "საპროექტო სამუშაოები სრულდება და ტენდერი ჩაეშვება".

აქედან გამომდინარე, ადგილობრივების ვარაუდი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის პროტესტის გაითვალისწინებასთან და ციხის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ გამართლდა.