"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეაგირება მოჰყვა.
საუბარია, რუსთავში, მესხიშვილის 4 და 5 ნომერში, არსებულ კომერციულ ობიექტებში დასაქმებული პირების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეები, მესხიშვილის ქუჩის გადაკეტვას აპროტესტებდნენ და კომპენსაციას ითხოვდნენ.
როგორც "ინფო რუსთავს" ერთერთ ობიექტში დასაქმებულმა განუცხადა, კომპანია "Enkeny Films"-ის წარმომადგენლებმა დღეს ობიექტების სია შეადგინეს, რის საფუძველზეც მათ კომპენსაცია გადაეცემათ.
"გვეუბნებოდნენ თქვენ არ გეკუთვნითო კომპენსაცია, მაგრამ თქვენ რომ ჩვენი აქციის შესახებ ინფორმაია გაავრცელეთ, მოვიდნენ და სიები გააკეთეს. გადავაგზავნითო ამ ყველაფერს და დაგერიცხებათო ყველას თანხები. რამდენადაც ვიცით, დღიურად 200 ლარს დარიცხავენ" - განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES" ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9" (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში, 3 სექტემბერს დაიწყო და პროცესი 6 სექტემბერს დასრულდება.
გაცნობებთ, რომ ფილმის გადაღებების გამო, გადაიკეტა მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე. შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და პარალელური ქუჩების მეშვეობით არის შესაძლებელი, კერძოდ კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. ქვეითებისთვის კი მესხიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დღეს შეიზღუდა.