პარლამენტის შენობის შესასვლელეთან, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ხმაური და შეხლა-შემოხლაა.
დაპირისპირებაა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა ცოცხალი ბარიერი შექმნეს და აქტივისტებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. საქმე ეხება პრემიერ-მინისტრის პოსტზე სახელისუფლებო გუნდის მიერ გიორგი გახარიას წარდგენას.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რა დროსაც რუსთაველზე მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს, პროტესტი პარლამენტის შენობის წინ არ შეწყვეტილა. აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორები მომხდარზე გიორგი გახარიასგან პასუხისმგებლობის აღებას და მის გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა, დღეს დადასტურდა ვარაუდი, რომ გიორგი გახარია ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ინიშნება.