რუსთავის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო

2019-08-25 18:55:51

რუთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი M3 კატეგორიის ავტობუსების ქალაქიდან გასვლის ლოკაცია შეირჩა - ავტობუსები თბილისის მიმართულებით გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობა იყო თვითონ უმრავლესობაშიც, რუსთავის საკრებულომ კენჭისყრის შედეგად საკითხი დაამტკიცა.

ავტობუსების რუსთავიდან გასვლის ლოკაციებს შორის კიდევ ორი ვარიანტი, რკინიგზის სადგურისა და ძველი სადგურის მიმდებარე ტერიტორიები განიხილებოდა.

საკითხის განხილვა ღრმა და ყოვლისმომცველი შესწავლის მიზნით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომამ ერთხელ უკვე გადადო, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ შერჩეული ლოკაცია (გმირთა მოედანი) შეცვლას არ დაექვემდებარა.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვარაუდობენ, რომ კონკურსში, რომელშიც რუსთავის სატრანსპორტო ბაზარზე შემომსვლელი კომპანია უნდა გამოვლინდეს, მონაწილეობას არც ერთი კომპანია არ მიიღებს, ანალოგიური ეჭვები აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც, რასაც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენატრებშიც ვკითხულობთ.

ქალაქში M3 კატეგორიის 8 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რომელიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, ყოველ 20 წუთში იმოძრავებს.

საკონკურსო პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ, რომელიც სატრანსპორტო ბაზარზე შემომსვლელმა კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე იხილოთ.