საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდობის სააგენტო დააფუძნა.
სააგენტოს დებულების მიხედვით, ახალი სტრუქტურა შექმნილია ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.
ახალგაზრდობის სააგენტოს ძირითადი მიზნები, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, იქნება:
ა) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
ბ) ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა;
გ) ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვა), ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ე) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;
ვ) ახალგაზრდულ სფეროსთან მიმართებით, ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფა.
სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მთავრობის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.