ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა. სალიას განცხადებით, იმნაიშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციასაც დაიკავებს და ასევე პროდაქშენის ნაწილსაც უხელმძღვანელებს.
ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია "მზეში" მუშაობდა. მოგვიანდებით, ის საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.