რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა

2019-08-25 17:53:56

2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა ხვალ, 26 აგვისტოს 18:00 საათზე ეწურებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მოუწოდებს აბიტურიენტებს, ყურადღებით მოეკიდონ ტექნიკურ მხარეებს, რათა არ დარჩნენ უმაღლესი სასწავლებლების მიღმა.

“აბიტურიენტებს შეუძლიათ თავიანთ გვერდს ეწვიონ და იქვე განახორციელონ ეს ცვლილებები და შევახსენებ, რომ აუცილებლად უნდა დააჭიროთ დამახსოვრების ღილაკს, რომ ცვლილება აისახოს”, – აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მაია გაბუნია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ:

იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს თვის ბოლოს გამოქვეყნდება.