ლეგალური დასაქმება ბულგარეთში

2019-08-22 23:57:24

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

სხდომას თავმჯდომარეობდა და საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი, ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კი შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ლაზარ ლაზაროვი იყო.

შეხვედრისას მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულების ტექსტზე და სრულ შეთანხმებას მიაღწიეს.

"უახლოეს მომავალში, დაგეგმილია ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი ძალაში შესვლა, რაც შემდეგომ ეტაპზე ითვალისწინებს მხარეთა მუშაობის გაგრძელებას ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში.

აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას", – განმარტავენ სამინისტროში.

წყარო bm.ge