ლაურა ღაჭავას 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

2019-08-22 16:47:21

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაურა ღაჭავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლემ ღაჭავას 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან,  სასამათლოს გადაწყვეტილებით ბიზნესმენს ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.

ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაცვის მხარის ინფორმაციით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი გუშინ წარუდგინეს. მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.