არასაკვები დანიშნულების საღებავები

2019-08-15 19:46:48

სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა - ამის შესახებ ინფორმაციას, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ ავრცელებს.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 6 პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.
არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებზე:

შპს „გსქ კულა“ -ტყემალი წითელი, კლასიკური, შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo, შპს „ეს“ - ეს აჯიკა, შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე, თეთნულდი - მშრალი აჯიკა.

ორგანიზაციამ, გერმანიის ლაბორატორიაში შესამოწმებლად თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში ნაყიდი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები გააგზავნა.

"კულას" დირექტორის ივანე გოგოლიძეს განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტური ტყუილია, რადგან პროდუქტი, რომელსაც იყენებენ ისედაც წითელი ფერისაა.

განცხადებას ავრცელებს ასევე შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა: "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნდა საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, სადაც მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით , აღმოჩენილია საკვები პროდუქტებისთვის დაუშვებელი ნივთიერება. ამ ჩამონათვალში მოხვდა ჩვენი ქარხნის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი.

სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი იწარმოება მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან გარდა დამხმარე მასალებისა, რომელთა წარმოებაც საქართველოში არ ხდება (მარილი, შაქარი, სპეციალური დაფქვილი სახით სანელებლები და ასე შემდეგ) თუმცა, დამხმარე მასალების წილი 1% ზე ნაკლებია. ყველა მომწოდებელი არის საქართველოდან და ყველა მომწოდებელს წარმოდგენილი აქვს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი.
ჩვენ ყველა დამხმარე მასალას და ასევე, მზა პროდუქტს გავაგზავნით საერთაშორისო, ევროპულ ლაბორატორიებში, რისი დიდი გამოცდილებაც უკვე გვაქვს, დაველოდებით მათ პასუხს და შედეგებს ვაცნობებთ მომხმარებელს. პასუხებამდე ვაჩერებთ კონკრეტული პროდუქტის რეალიზაციას.
ჩვენი კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი კვლევები იქნება სისტემატური და არ ექნება პიარული ხასიათის"