ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში მივიდა

2019-08-08 15:38:52

„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში მივიდა.

დაკითხვაზე პროკურატურაში ორი დღის წინ დაიბარეს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი თქვა.

„ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე უნდათ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულაციას," - ამის შესახებ „ტვ პირველის“ მფლობელმა ჟურნალისტებთან საქალაქო სასამართლოდან გამოსვლისას განაცხადა.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე, მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი“ – აცხადებს ვატო წერეთელი.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე მოვლენები, უშუალოდ ტელეკომპანიას უკავშირდება.

„იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამომძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი მხარე ჰყავთ, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც, ყოველთვის ვფიქრობ, რომ უკავშირდება სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას“ - აცხადებს ვატო წერეთელი.

„მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, უნდათ სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამითი, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას... ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო ერთგვარი შემოტევები, ამიტომ ტელევიზია არის დამოუკიდებელი, ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენების შუა გულში, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები“ - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველის“ თანამშრომლებთან და საკუთარ ადვოკატთან ერთად მივიდა.