ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

2019-08-01 15:59:04

"რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ახალ ტელევიზიას შექმნა დაანონსა.

შეტყობინება არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.

გვარამიას ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული - დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

"პროკურატურაში დამიბარეს დაკითხვაზე. ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემ წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღუძრავთ და ამ ეტაპზე მოწმის სახით მიბარებენ. სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ რ2ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და რ2ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს :)

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

 

მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს. მამაჩემი ებრძოდა საბჭოთა კავშირს და თავისი თვალით იხილა მისი მართალი და ისტორიული ბრძოლის ისტორიული შედეგი - საქართველოს გათავისუფლება კომუნიზმისგან და საბჭოთა ოკუპაციისგან და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მეც, 30 წლის მერე, პრაქტიკულად იგივე ბრძოლაში ვარ - ასევე მართალში და ისტორიულში, და ასევე საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. და ვპირდები ჩემ შვილებს - მეც ვნახავ ჩემი ისტორიული ბრძოლის ისტორიულ შედეგს, და ისინი იცხოვრებენ ბოლომდე დესოვიეტიზებულ თავისუფალ საქართველოში, სადაც თავისუფალი სიტყვის მსახურებისთვის არავინ დაიბარებს პროკურატურაში,"-წერს ნიკა გვარამია.