"საერთოდ ვეღარ ვყიდით საქონელს"

2019-07-28 16:41:39

"იძულებული ვარ შევწყვიტო მუშაობა, გაყიდვები კი არ შემცირდა, საერთოდ  ვეღარ ვყიდით საქონელს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სავაჭრო ცენტრ "საბას" ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, რომელიც თბილისში სამუშაოდ რუსთავიდან დადის.

რუსთაველი მოვაჭრის თქმით, ის ერთადერთი არაა, ვინც ცენტრს ტოვებს, მისი ინფორმაციით, რამდენიმე მოიჯარემ მუშაობა უკვე შეწყვიტა და იგივეს კიდევ ბევრი აპირებს.

მოიჯარეები მიზეზად გამკაცრებულ საბანკო რეგულაციებს ასახელებენ და ამბობენ, რომ განვადებებით პროდუქციის რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ზოგერთ მოვაჭრეს კი ამ კუთხით მუშაობა საერთოდ შეუჩერდა.

როგორც რუსთაველი მოიჯარეები "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნავენ, გამოსავალი ამ შემთხვევაში ერთადერთია და ის განვადებების სისტემის ძველი ფორმით დაბრუნებაში მდგომარეობს.

აღსანიშნავია, რომ "საბა" არ არის გამონაკლისი და საბანკო რეგულაციების გამკაცრებამ ქვეყანაში არაერთი სავაჭრო ობიექტის მუშაობაზე იქონია უარყოფითი გავლენა.

შეგახსენებთ, 2019 წლის პირველი იანვრიდ სესხების გაცემა გამკაცრდა. ახალი რეგულაციით სესხის გამცემს ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და თანხა ფიზიკურ პირზე სრული ანალიზის შემდეგ გასცეს.