ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე საკათედრო ტაძარში სეფა გაიშალა მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა და ჯგუფის სხვა წევრებმა ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს.
ტაძრის ეზოში გაშლილ სუფრაზე იტრაპეზეს ადამიანებმა, რომლებმაც ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელი მოაწერეს.
სუფრა 1500 ადამიანზე, მრევლის მიერ იყო გაშლილი. მას სხვადასხვა ეპარქიების სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათი მასპინძელი კი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე იყო.
,,გროვდება ხელმოწერები, რათა აიკრძალოს ჰომოსექსუალური გარყვნილების პროპაგანდა ტელევიზიებში, ტოკშოუებში, განათლების სისტემაში. ეს არის ერის და ბერის მოთხოვნა. ჩვენ გვინდა ეს ხმა მივაწვდინოთ საქართველოს მთავრობას. სავარაუდოდ, 1 ოქტომბრამდე მთელ საქართველოში შევაგროვებთ ხელმოწერებს, რაც შეიძლება მეტს და შემდგომ ერთი თვე დაველოდებით პასუხს. თუ პასუხი არ მივიღეთ, 1 ნოემბრიდან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
მშენებარე ტაძრის ეზოში გაშლილ სუფრას ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შეუერთდა. ვასაძეს სუფრის წევრები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ.