"ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი. არხის მესაკუთრის ნებაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი", - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის ჟურნალისტების მოთხოვნებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან იქნება შემდგარი და არხში საკადრო ცვლილებების განხორცილებას კონტროლს გაუწევს.
სალია თქმით, იმ მოთხოვნებს, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების ჟურნალისტებმა ახალ მფლობელსა და დირექტორს წარუდგინეს, გაეცნობა და პასუხს მედიას ხვალ გასცემს. მისი განცხადებით, გდამწყვეტი ამ შემთხვევაში არხის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის პოზიციაა.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც პაატა სალიას ჟურნალისტებმა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით დაუსვეს, რუსთავის 2-ის ახალმა დირექტორმა უპასუხა, რომ 2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას.
ასევე კითხვაზე, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძეს აქვს მოლოდინი, რომ მასაც ჩაანაცვლებენ, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ მელაძეს „მოლოდინი გაუცრუვდება“.
„ალბათ, მოლოდინი გაუცრუვდება მას, თუ ამას ელოდება. ასეთი რამ არ მითქვამს, ასეთი ამოცანა ქიბარ ხალვაშს ჩემთვის არ დაუსახავს. დღესაც გიდასტურებთ იმას, რასაც გუშინ გიდასტურებდით.“ - აღნიშნა პაატა სალიამ.
რაც შეეხება ნიკა გვრამიას, გააგრძელებს თუ არა ის როგორც ტელეწამყვნი საქმიანობას რუსთავი 2-ში, ამაზე გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ არხის ახალი მფობელი ერთადერთი, რისი წინააღმდეგიც იყო სამაუწყებლო კომპანიაში, ეს ნიკა გვარამიაა.