"მისი კომენტარი იყო დისკრიმინაციული" [video]

2019-07-19 15:58:37

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს. [ვიდეო/video]

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომაზე ლევან ონიანის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა პროცედურულად გაუმართავი იყო.

უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის მოთხოვნა არ გაიზიარეს. მათი შეფასებით, იმპიჩმენტის საკითხის დაყენება მხოლოდ საკრებულოს წევრების მხრიდან პოლიტიკური შეფასებების მოსმენას ემსახურებოდა და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა რეალურად სურდათ, მათ მოთხოვნა თვითმმართველობის ორგანოსთვის არა ზეპირსიტყვიერად, არამედ წერილობით უნდა წარმოედგინათ.

იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი ლევან ონიანის კომენტარი გახდა, რომლიც მან სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუსთან დაკავშირებულ პოსტზე დაწერა. "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის",- წერდა ონიანი.

მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დააყენა, საკრებულოს წევრებმა ამ ინიციატივასთან და ზოგადად, ლევან ონიანის კომენტართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

მათი უმრავლსობა ყურადღებას ამახვილებდა ბოდიშზე, რომელიც ონიანმა ინგა გრიგოლიასა და საკუთარ პოლიტიკურ გუნდს საჯაროდ მოუხადა და ამბობდა, რომ ბოდიშის ფონზე ონიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა საფუძველს მოკლებულია.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ განაცხადა, კომენტარი ნამდვილად იყო დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი. მისი თქმით,  ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდათ გუნდის შიგნითაც, თუმცა ნინო ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ბოდიში, რომელიც ლევან ონიანმა მოიხადა, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო.

პოლიტიკური შეფასებების მოსმენის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, საკრებულოს წევრებმა კი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა განაგრძეს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან ლევან ონიანის მიერ გაკეთებულ კომენტარს კრიტიკა მოჰყვა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის კომენტარში არა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას, არამედ სხვა ინგას გულისხმობდა, მოგვიანებით კი ბოდიში მოუხადა როგორც ტელეწამყვანს, ისე საკუთარ პოლიტიკურ გუნდს, "ქართულ ოცნებას".