რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მისი მხრიდან ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფას ეხება პასუხობს, რომ არა ინგა გრიგოლიას, არამედ სხვა ინგას გულისხმობდა.
ლევან ონიანმა ფეისბუქ მეგობრის პოსტზე, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს ეხმიანებოდა დაწერა, რომ: - “ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“.
ლევან ონიანის თქმით, კომენტარში სხვა ინგა იგულისხმა, რომლის ვინაობის გაგებაც მხოლოდ მას და თავის ფეისბუქ მეგობარს შეეძლოთ.
"არ იგულისხმებოდა ინგა გრიგოლია. ჩემი და ნათიას საერთო მეგობარზე თუ რაღაცას გავიხუმრებ, მგონია რა თანამდებობაც არ უნდა მეჭიროს, მეგობრებთან ხუმრობის საშუალება მაქვს და ეს ჩემი საქმეა. თუ ვინმეს სურს ამას პოლიტიკური ელფერი შესძინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა, ამის უფლებაც აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად გაუმართლებელია. მაგალითად, ლევანი მთელს საქართველოში ძალიან ბევრს ჰქვია, ასევე უფრო მეტს ჰქვია გიორგი. მე ნამდვილად არ ვგულისხმობდი ინგა გრიგოლიას, თუ ჩემი მეგობრის პოსტზე დავწერე ისეთი კომენტარი, რომელსაც მხოლოდ მე და ნათია მივხვდებოდით და გავიგებდით, ეს არავის საქმე არ არის", - აცხადებს ლევან ონიანი.
როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, განვითარებული მოვლენების შემდეგ თავად გახდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი.
"თუ ჩემს უზრდელობაზე ჰქონდათ პრობლემა, მაშინ გავასაჯაროვებ, რამდენმა ვითომ თავისუფლების დამცველმა უზრდელური და უნამუსო კომენტარები დამიწერა. როგორც სოც.ქსელში, ისე პირად მიმოწერებშიც მწერენ", - აცხადებს ლევან ონიანი.