შსს-მ კომპანიის დირექტორი დააკავა

2019-07-19 10:46:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი"-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია "ჯევიკე ჰოსპიტალიტი" თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.