ივანიშვილი გახარიაზე - გახარია მაგარი კაცია

2019-07-17 12:53:33

შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბათუმში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზეც ისაუბრა:

„კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების, კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, გადაეფარა გუნდს, სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა, რაც დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ , ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უნდა დახვდეს, მოძალადეები უნდა შევიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა ივანიშვილმა.