შსს სტუდენტებს დაასაქმებს

2019-07-16 17:42:49

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

მისი თქმით, ეს სტაჟირება ანაზღაურებადია, ვაკანსიები კი რეალური.ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ.

საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა.

სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.
ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს.

დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.