ახალი სოციალური კაფე რუსთავში [photo]

2019-06-28 22:18:12

რუსთავში სოციალური კაფის გახსნის იდეა ლუკა კობერიძეს და სოფიო მალაქშანიძეს გასულ წელს გაუჩნდათ. ახალგაზრდებმა დაწერეს პროექტი და გაეროს მიერ დაფინანსებულთა რიცხვში მოხვდნენ.

პირველი გრანტით პროექტის განხორციელება ცენტრალურ პარკში მოხერხდა, შემდეგ კი გაჩნდა იდეა რომ ყოფილიყო ფართი სადაც ეს კაფე ბინას დაიდებდა, ასეთი კი კულტურის სახლში არსებული სივრცე აღმოჩნდა. ამის შემდეგ პროექტის ავტორებმა უკვე ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში "განათლება რეინტეგრაციისთვის, გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს.

პროექტის მიხედვით კაფეში უნდა დასაქმდნენ პრობაციონერები და ყოფილი მსჯავრდებულები, ამჟამად საწარმოში 2 პრობაციონერი უკვე მუშაობს.

კაფის დამფუძნებლები ფიქრობენ რომ ტერიტორიაზე პერიოდულად ჩატარდეს არაფორმალური განვითარების ლექციები და სემინარები, რომელიც 16-20 წლის ახალგაზრდების ინტერესის სფეროებიდან გამომდინარე შეირჩევა.

კაფემ, რომელიც კულტურის სახლის შენობაშია განთავსებული, ფუნქციონირება დღეს დაიწყო და ყოველდღე 12 საათიდან 24 საათამდე იმუშავებს.