"სიქას" და მერიის ერთობლივი პროექტი

2019-06-28 18:03:57

საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია "სიქა" ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტის თანადამფინანსებელი დღეს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად რუსთავის მერია გახდა.

პროექტის ფარგლებში, რუსთავს მსოფლიოს 4 ქვეყნიდან ახალგაზრდები ესტუმრებიან და რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად 6 დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან.

"პროექტის ფარგლებში რუსთავში სტუმრად ველით 4 ქვეყნიდან 6 მოზარდსა და 1 ლიდერს. პროექტში ჩართული იქნება ქართული დელეგაციაც, 6 რუსთაველი ახალგაზრდა და 1 ლიდერი. ისინი ერთად გაივლიან სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობას, სემინარებსა და ტრენინგებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა, კონფლიქტების მართვა, კრეატიული და კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მთავარი მიზანი კი ქალაქ რუსთავისა და საქართველოს პოპულარიზაციაა", - განაცხადა "სიქას" აღმასრულებელმა დირექტორმა ინგა პაიჭაძემ.

რუსთავს პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები შვედეთიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან და ისრაელიდან ესტუმრებიან. პროგრამაში ჩართული რუსთაველი ახალგაზრდების შერჩევა კი კონკურსის საფუძველზე მოხდა. მონაწილეები რუსთავში 1 ივლისიდან დაბანაკდებიან. პროექტის ხანგრძლივობა 6 დღეა.