"მძღოლმა მიკროავტობუსში ქალის საცვალი აღმოაჩინა"

2019-06-27 11:56:12

"გუშინ ვარკეთილის მიკროავტობუსში მძღოლმა ქალის საცვალი აღმოაჩინა და კომპანიაში მოიტანა, იქნებ აყროლებული სუნიც ზოგიერთი ბინძური მგზავრის ბრალია", - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში კომპანია "ინტერტრანსის" წარმომადგენელი უკმაყოფილო მგზავრების კომენტარებს.

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის შესაძლო მომატებას უკავშირდება, რუსთაველების უკმაყოფილება მოჰყვა.

"თეთრიც რომ მოემატოს ამ აყროლებული და ძირგავარდნილი მარშუტკებით მგზავრობას ხალხი ჩამოგიღებთ ყველას მაგ სკამებიდან. ჯერ ხომ გამართულად არ მუშაობენ და გაჩერებებზე ალოდინებენ დილას-საღამოს მგზავრებს, ახრჩობენ ზაფხულში უჰაერობით, ჭყლეტენ დამატებით სკამებში მგზავრებს, აჭარბებენ სიჩქარეს და სადამდე გავაგრძელოთ ეს ჩამონათვალი? რით ვერ მოაშორეთ ეს ინტერტრანსი???? შეუწყვიტეთ კონტრაქტი და გამოაცხადეთთ ახალი კონკურსი, ცოტა ხანს გავიჭირვებთ ხალხიც!!!!! ამ მერიაზე ზემდგომი ორგანო არ არსებობს, რომ ვინმეს რამე შევჩივლოთ????", - წერს ინფო რუსთავის ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

კომენტარის ავტორს კი კომპანია "ინტერტრანსის" ხელმძღვანელი პირი თენგიზ სანიკიძე პასუხობს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებში არაჰიგიენურობა შესაძლოა სწორედ მგზავრების პასუხისმგებლობის საკითხი იყოს.

"რატომ გვაყენებთ შეურაცყოფას? იმიტომ ხომ არა, დილის 6 საათიდან ღამის 1 საათამდე რომ გემსახურებით? თუ გაინტერესებთ ლანძღვის ნაცვლად მობრძანდით კომპანიაში და მშვიდად აგიხსნით რა სიტუაციაში ვემსახურებით მოსახლეობას, იქნებ აზრები შეგეცვალოთ. გუშინ ვარკეთილის მიკროავტობუსში მძღოლმა ქალის საცვალი აღმოაჩინა და კომპანიაში მოიტანა, იქნებ აყროლებული სუნიც ზოგიერთი ბინძური მგზავრის ბრალია?", - წერს თენგიზ სანიკიძე.