მამუკა ჩიქოვანი და დავით ბაქრაძე რუსთავში სოციალურად დაუცეველებს შეხვდნენ.

2017-03-18 17:20:02

„მოძრაობა თავისუფლებსთვის - ევროპული საქართველოსთვის“ წევრებმა დავით ბაქრაძემ და მამუკა ჩიქოვანმა რუსთავში ბოჭორიძეების ოჯახი მოინახულეს, რომელსაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. ოჯახი დახმარებას 11 წლის განმავლობაში იღებდა. არსებული ინფორმაციით, რუსთავში დავით გარეჯის #1-ში  მცხოვრებ 10-ზე მეტ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური დახმარება მოუხსნა.  „ამ ოჯახებს უხსნიან დახმარებას, ეს არის დანაშაული, სხვა მეტი არაფერი სიტყვა ამისთვის არ შეიძლება მოიძებნოს და ეს საშინელება ეს მარაზმი აუცილებლად უნდა შეწყდეს.“ - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

როგორც სოფო ბოჭორიძე აცხადებს, მან რუსთავის მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა მერი მას არ შეხვდა.

როგორც რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ აქუბარდიამ „ინფო რუსთავთან“ საუბარში განაცხადა, სოფო ბოჭორიძე ბოლო პერიოდში ქალაქის მერთან მიღებაზე არ მისულა, ბოლოს ის მერთან 2016 წელს მივიდა, სადაც განუცხადეს, რომ სოციალური საცხოვრისი შენდება და იმას, თუ ვინ შევა საცხოვრისში შესაბამისი კომისია დაადგენს, სამოქალაქო მისაღებში მისულ ქალბატონს კი განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ, რომ პირობა ისევ ძალაშია. სოციალური დახმარების მოხსნისა და ქულების განაწილების საკითხი კი მერიის კომპეტენციაში არ შედის.

„ინფო რუსთავი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის ოფისის ხელმძღვანელს, ბესიკ ტეფნაძეს დაუკავშირდა, როგორც მან აღნიშნა, ის შაბათი დღის გამო სამსახურში არ იმყოფებოდა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.