"ბაღს მიღმა 720 ბავშვი დარჩა" [video]

2019-06-21 14:37:10

რუსთავის ბაგა–ბაღებში 4 ეტაპად დაყოფილი რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის თქმით, სააღმზრდელო დაწესებულების გარეთ 2–დან 3 წლამდე 720 ბავშვი დარჩა. [ვიდეო/video]

ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. ეკა ხუციშვილმა კომისიის წევრებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგებისა და მომავალი სასწავლო წლის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის მოსმენამ  "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" წევრის ალეკო ბერიძის უკმაყოფილება გამოწვია. სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

ალეკო ბერიძემ 720 ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულების გარეთ დარჩენის ფაქტი გააპროტესტა და ეკა ხუციშვილის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ წინა წლებთან შედარებით ბაღს გარეთ დარჩენილი ბავშვების რაოდენობა შემცირდა, სუსტად მიიჩნია, რადგანაც, მისი თქმით, ბავშვების რაოდენობის შემცირება კერძო ბაღების ხარჯზე მოხდა.

ეკა ხუციშვილის განცხადებით, წინა წელს ბაღში დარეგისტრირება 1400–მა ბავშვმა ვერ მოახერხა.

"3–დან 6 წლამდე ბავშვები რუსთავის ბაგა–ბაღებს დაკმაყოფილებული ჰყავს ადგილებით და კიდევ გვაქვს ვაკანტური ადგილების რაოდენობა იმდენი, რომ სექტემბერში მოსული განმცახდებლებიც მივიღოთ. რაც შეეხება ბაგას, ბაგის ასაკში არ არის საკმარისი რაოდენობის ჯგუფი, ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნიეთ 3–დან 6 წლამდე ჯგუფის ჩარიცხვა იმიტომ, რომ მათი ასაკი სკოლასთან უფრო ახლოსაა. ელექტრონული რეგისტრაციით ბაღებში ჩაირიცხა 696 ბავშვი, აქედან 580 ვაკანტური ადგილი გავიდა რეგისტრაციაზე, დანარჩენი ადგილები კი შეავსო იმ პრივილეგიით მოსარგებლე კატეგორიის მშობლების შვილებმა, ვისთან დაკავშირებითაც ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება", – აცხადებს ეკა ხუციშვილი.

რაც შეეხება პრივილეგიებით მოსარგებლე მშობლების შვილებს, ეკა ხუციშვილის ინფორმაციით,  ბაღების გაერთიანებისთვის პრიორიტეტია, პირველ რიგში, სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩარიცხვით დაკმაყოფილდეს სოცილაურად დაუცველთა ბაზაში დაფიქისირებული ბავშვი, მრავალშვილიანი ოჯახის შვილი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების შვილები. აღსანიშნავია, რომ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში მომუშავე ადამიანების შვილებიც ასევე პრივილეგიებით ისარგებლებენ.
"საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვინც სხვის შვილებს ზრდის, საკუთარი შვილი გარეთ არ უნდა ჰყავდეს", – განაცხადა ბაგა–ბაღბის გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა.