ექიმს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

2019-06-20 19:25:21

რუსთავის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმ თამარ ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მოსამართლე მადონა მაისურაძე ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობას ერთი საათის განმავლობაში იხილავდა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნიდან მიმალვის საფრთხე.

ექიმი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2 დღის წინ დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა რუსთავში 10 თებერვალს მოხდა. 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს. მეზობლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს. 12 თებერვალს ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და ის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.