რა ჯდება ბანკეტი რუსთავში

2019-07-01 00:27:37

რუსთაველი კურსდამთავრებულები ეროვნული გამოცდებისთვი ემზადებიან, თუმცა ძირითად შემთხვევაში გამოცდებამდე მე-12 კლასელები უკვე ტრადიციად ქცეულ, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებულ გამოსაშვებ საღამოს აწყობენ.

რამდენადაც ბანკეტი სასიამოვნო საღამოა მოსწავლეებისთვის, იმდენად ძვირადღირებული სიამოვნებაა მშობლებისთვის, რადგანაც სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის სამზადისი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რა უჯდებათ რუსთაველ კურსდამთავრებულებსა და მათ მშობლებს ბანკეტი? - ეს ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური კითხვაა.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჯდება რუსთავში გამოსაშვები საღამოს მოწყობა.

გოგონების მშობლების ხარჯი იმის პირდაპირპროპორციულია, ბრენდული სამოსის ჩაცმა სურს მათ შვილს თუ არაბრენდულ სამოსსზეც თანახმაა. თუ გოგონა კაბის შეკერვას უკვე გამზადებულის შეძენას ამჯობინებს, ძირითად შემთხვევაში რუსთაველებს უწევთ თბილისში არსებულ მაღაზიებსა და ბაზრობებს მიაკითხონ. გოგონებს კაბების შეძენა იაფფასიანი სეგმენტის ბრენდებში 60-დან 100 ლარამდე შეუძლიათ. დაახლოებით იგივე ღირს საღამოს კაბები ბაზრობებზე, თუმცა შეიძლება მათმა ფასმა 200 ლარსაც გადააჭარბოს. დაახლოებით ამ ფასებში შეგიძლიათ ფეხსაცმლის შეძენაც.

რაც შეეხება იმ ბრენდებს, რომელიც საზოგადოებაში ძვირადღირებულის სტატუსს ატარებს, კაბების და ფეხსაცმელების ფასები საკმაოდ მაღალია. კაბების ფასი 300 ლარიდან იწყება და 600 ლარამდეა, დაახლოებით იგივე ფასები აქვს ფეხსაცმელებსაც.

თუ ვერც მაღაზიაში მოიწონეთ სამოსი და არც ბაზრობებზე გსურთ შეიძინოთ, მაშინ მოგიწევთ კაბა საკუთარი დიზანით მკერავს შეაკერინოთ. ამ შემთხვევაში კაბის ფასი დამოკიდებულია იმ ნაჭრის სიგრძეზე, რომელსაც სამოსის შესაკერად იყენებთ, მის ხარისხზე და ა.შ.  ასეთ შემთხვევაში ფასი დაახლოებით 150-დან 300 ლარამდე მერყეობს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება 300 ლარსაც გადააჭარბოს.

თუ თქვენ გოგონას მშობელი ხართ, სამზადისი არც კაბის და არც ფეხსაცმლის ყიდვით არ სრულდება. თანხა საბანკეტო მაკიაჟისა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ. ფასი კი სალონების პრესტიჟის, ვარცხნილობისა და მაკიაჟის სირთულიდან გამომდინარეობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსთავში  საბანკეტოდ სალონის მომსახურება გოგონებისთვის 70-დან 200 ლარამდე მერყეობს.

გამოდის, რომ რუსთაველ გოგონების გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, საშუალოდ 250 ლარიდან 800 ლარამდე უჯდებათ.

რაც შეეხება ბიჭებს, ბიჭებისთვის არჩევანი არც ისე დიდია. არსებობს ორი ვარიანტი: 1. პერანგი, შარვალი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა და 2. შარვალი-პიჯაკი, პერანგი, ფეხსაცმელი და ჰალსტუხი ან ე.წ ბაბოჩკა. მიუხედავად არჩევანის სიმწირისა, თანხის დაზოგვას ვერც ბიჭების მშობლები ახერხებენ.

მომხმარებლებში ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით, შარვალ-პიჯაკი ყველაზე იაფი ლილოს ბაზრობაზეა. ფასები იქ 200 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 100-დან 200 ლარამდე შეგიძლიათ. პერანგის შეძენას კი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით, 25 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც.

ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზიებსა და ბაზრობებზე ფასები მნიშვნელოვნად გასხვავებულია. შარვალ-პიჯაკის ფასი 300 ლარიდან იწყება და ზედა ზღვარი საკმაოდ შთამბეჭდავ ფასს აღწევს. ფეხსაცმელი ბრენდულ მაღაზიებში ფასდაკლებით 120 ლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. პერანგის ფასი კი 50-დან 120 ლარამდე მერყეობს.

გამოდის, რომ არც ბიჭების მშობლები არიან ნაკლებად გახარჯულები. საშუალოდ მათ გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება 400 ლარიდან – 1000 ლარამდე დაუჯდებათ.

ყველაფერი აქ არ სრულდება. წინ იმ გარემოს შერჩევაა, სადაც მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება უნდა აღნიშნონ.

თუ რუსთაველები გამოსაშვები საღამოს მოწყობას რუსთავის რომელიმე რესტორანში გადაწყვეტენ, ფასები მენიუს გათვალისწინებით, ერთ პერსონაზე 50 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე მერყეობს.

და ბოლოს, ის ერთადერთი, რაც ადამიანს მოგონებებთან ერთად რჩება - ფოტო/ვიდეო გადაღება, რის ხარისხსაც კურსდამთავრებულები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რუსთავში ფოტოგრაფის მომსახურება მინიმუმ 500 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე მერყეობს, ვიდეო გადაღების ფასი კი იმისდა მიხედვით, გინდათ თუ არა დრონის მომსახურება და ა.შ.  1000-1500 ლარია.

თუ გავითვალისწინებთ სხვა წვრილმან ხარჯებსაც, რომელიც ბიჭებისსთვის დაკავშირებულია ავტომობილით უზრუნველყოფასთან, ყვავილების ყიდვასთან, ქალებისთვის კი სხვადასხვა აქსესუართან, შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველ კურსდამთავრებულებს ბანკეტი დაახლოებით 550-1500 ლარი უჯდებათ.