რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექიმი დააკავეს [video]

2019-06-19 00:55:57

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ექიმი დააკავა. საქმე ეხება, მიმდინარე წლის 10 თებერვალს რუსთავში მომხდარ მკვლელობას, როდესაც ფსიქიკური აშლილობის დროს მამაკაცმა 12 წლის ძმის შვილი დანით მოკლა, ხოლო ექიმმა რომელსაც მკვლელობამდე ერთი დღით ადრე მიმართეს, ბრალდებულს დახმარება არ გაუწია. [ვიდეო/video]

შინაგან საქმეთა სამმინისტროს ინფორმააციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული თ.ა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 თებერვალს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს მოქალაქე ვალერი ირემაძემ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმ თ.ა.-ს პაციენტ ვალერი ირემაძის ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ირემაძემ სამედიცინო დაწესებულება დატოვა. მეორე დღეს მან დანით 12 წლის ძმის შვილი მოკლა.

დაკავებული ფსიქიატრის უფლებადამცველის, დავით დადიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

"გამოძიება არ დაწყებულა დღეს. კარგა ხნის განმავლობაში, როგორც სამართალდამცავი ორგანოები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარეგულირებელი კომისია ამ საკითხს იკვლევდნენ. ამ პერიოდში რამდენჯერმე მოხდა მასთან გასაუბრება, მას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა ყოველთვის და დღესაც ჩვენი პოზიცია იგივეა, რომ რაიმე სახის დარღვევას მის ქმედებაში ადგილი არ ჰქონია", - ცხადებს დაკავებულის ადვოკატი დავით დადიანი.

"ინფო რუსთავი" ფაქტთან დაკავშიებით ესაუბრა გარდაცვლილი ბავშვის ბაბუას, თემურ ირემაძეს. აღსანიშნავია, რომ ოჯახის მთავარი მოთხოვნა ფსიქიატრის დაკავება იყო. გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის თქმით, მიესალმება ექიმის დაკავებას და ფიქრობს, რომ საქმეზე კიდევ ბევრი პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, თუმცა საინფორმაციო სააგენტოსთან ის კონკრეტული ადამიანების სახელებსა და გვარებს არ ასახელებს.

დაკავებულის უფლებადამცველის განცხდებით, ბრალის ოფიციალური წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება. დაკავებული თ.ა. ამ დროისთვის რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადმოყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შეგახსენებთ, საზარელი მკვლელობა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში მიმდინარე წლის 10 თებერვალს მოხდა. ვალერი  ირემაძემ 12 წლის ძმის შვილი დანით მოკლა. ირემაძეს თავდაპირველად ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მალევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა და საქმე დახურულად გამოცხადდა. ვალერი ირემაძეს სასამართლომ 2 წლიანი იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა. მკურნალობის პროცესს ის ამჟამად ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის.