არჩევნები რუსთავის სკოლებში

2019-06-17 22:18:19

დღეს როგორც მთელს საქართველოში, ისე რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო სკოლებში) სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა.

რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, თამარ ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, სამეურვეო საბჭო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე, დიდ სკოლებში 12, ხოლო შედარებით პატარა სკოლებში 6 ადამიანით უნდა დაკომპლექტებულიყო.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის რუსთავში არსებული რამდენიმე სკოლის დირექტორს დააუკავშირდა და გაარკვია, რომ 12 კაცისგან შედგა #24; #4; #22; #7; #11; #2; #21 სკოლების სამეურვეო საბჭოები. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კი არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

სამეურვეო საბჭოს წევრები მათივე განცხადების განხილვის საფუძველზე აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობაში შესვლაზე კი განაცხადის გაკეთება შეეძლოთ მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს (6-6 ან 3-3).

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესს აკვირდება რუსთავის რესურსცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება ასევე შეეძლო 1 მოსწავლეს, მასწავლებლებს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრებსა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში განახორციელეს.