კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული რუსთაველია [photo]

2019-06-16 14:41:28

2019 წლის ქართული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე მათე ზარნაძეა.

10 წლის მათე ზარნაძემ გამარჯვება თავის ასაკობრივ კატეგორიაში მოიპოვა. მოზარდმა ქვემო ქართლის მასშტაბით 46 მონაწილეს აჯობა და ორგანიზატორების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. გამარჯვებულს სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტების დაჯილდოვების ცერემონია რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა, სადაც წარმატებული მოსწავლეების მიერ შესრულებული საუკეთესო ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

კონკურსი, რომელიც რუსთავში 2011 წლიდან ტარდება, კერძო სკოლა ლაზარეს მიერაა ინიცირებული.

პროექტის მიზანია კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა, აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.