"ჯარისკაცი საცხოვრებელ ყაზარმაში გახდა შეუძლოდ"

2019-06-13 15:19:31

ამ წუთებში რუსთავის პროზექტურაში გარდაცვლილ ჯარისკაცს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

ექსპერტიზის ბიუროსთან შედეგებს ელოდებიან გარდაცვლილი მამუკა ხარაზიშვილის ახლობლები და სამხედრო მოსამსახურეები.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მე-4 ბრიგადის კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გამო და უსამძიმრებს მიცვალებულის ოჯახს. ფაქტი მოხდა დღეს, გამთენიისას საცხოვრებელ ყაზარმაში. როდესაც მამუკა ხარაზიშვილი გახდა შეუძლოდ, მას პირველი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს ადგილზევე, შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაყვანილ იქნა ლაზარეთში, მაგრამ სამწუხაროდ დაფიქსირდა მისი გარდაცვალება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, აქ ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც მოგვიანებით იქნება ცნობილი და ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა.

შეგახსენებთ, გამთენიისას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა. მამუკა ხარაზიშვილს ყაზარმაში გულის შეტევა განუვითარდა. ჯარისკაცი ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა.

30 წლის კაპრალი, მამუკა ხარაზიშვილი ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ წვრთნას გადიოდა. პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილ ჯარისკაცს ყველანაირი სამედიცინო შემოწმება გავლილი ჰქონდა.

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მამუკა ხარაზიშვილის ცხედარს მშობლიურ მხარეში, ხაშურში გადაასვენებენ.