შეუქმნის თუ არა კალიები რუსთავს პრობლემას

2019-06-12 16:10:29

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქის შემოსასვლელში კალიების დიდი რაოდენობით დაფიქისრებას ეხებოდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში განცხადება გააკეთეს. "ინფო რუსთავს" ქალაქის შემოსასვლელში მცხოვრები მოსახლეობა დაუკავშირდა და აღნიშნეს რომ მათ სადარბაზოებში და ეზოებში კალიების დიდი ოდენობა უკვე დააფიქსირეს. როგორც ქვემო ქართლში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი აცხადებს, მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ზაფხულში, მაშინ როცა იტალიური კალიის გავრცელება ხდება, კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებენ.

ლიპარტელიანის თქმით, კონკრეტულად იმ ლოკაციაზე, რომელიც "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებშია ასახული, კალიის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგან აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დასახლებულ პუნქტთან ახლოს და ავტომაგისტრალებზე ნებადართული არ არის, თუმცა მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმააციით, წამლობა სისტემატიურად მიმდინარეობს იტალიური კალიის ბუდობის კერებში და რუსთავის შემოგარენში.

ლიპარტელიანის თქმით, კალიის ძირითადი კერები იაღლუჯის ფერდობზეა, საიდანაც მისი მიგრირება ხდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები უკვე რამდენიმე წელია სისტემატიურად მიმდინარეობს, რამაც განაპირობა ის, რომ იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადია.