ციხის ღობის მშენებლობა დასრულდა

2019-06-05 22:40:42

რუსთავში ციხის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა თუმცა ღობის მშენებლობა უკვე დასრულდა.

2 ახალი ციხის აშენება ჭყონდიდელის დასახლებაში, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში იგეგმება.

სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. იყო აქციები, მსვლელობები, გზების გადაკეტვა.

მინისტრმა რამდენჯერმე განაცხადა რომ მზად იყო ადგილობრივებს შეხვედროდა თუმცა ციხის მშენებლობა ეჭვქვეშ ვერ დადგებოდა.

არსებული ინფორმაციით ერთი დაწესებულება 700-ზე, ხოლო მეორე 120 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი. ამ დროისთვის კი პარალელურად, მიმდინარეობს დაწესებულებების საპროექტო სამუშაოებიც, რომლის დასრულების შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით #17 დაწესებულებიდან, რომელიც მდებარეობს რუსთავი-გარდაბანის გზატკეცილზე და რომელიც ღია ტიპის შენობაა, მსჯავრდებულების ახალ დაწესებულებაში გადაყვანა მას შემდეგ მოხდება როდესაც მშენებლობა დასრულდება, სამუშაოების დასრულება კი 2022 წლისთვის იგეგმება.

თეა წულუკიანმა ასევე აღნიშნა რომ 600 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც ადგილობრივებსაც ექნებათ საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა და დასაქმდნენ, თუმცა ექნებათ თუ არა (ან რა ფორმით) პრივილეგია ადგილობრივ მოსახლეობას უცნობია. ასევე გაურკვეველია სად წავლენ ის თანამშრომლები რომლებიც ამ დრომდე #17 დაწესებულებაში მუშაობენ.

შესაძლოა ამ კითხვებს გაეცეს პასუხი, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება, რატომ გადაწყდა რომ ციხეები აშენდეს რუსთავში, დასახლებულ პუნქტში, იქ სადაც მოსახლეობას ციხის ღობესთან მხოლოდ 5-7 მეტრი აშორებს.

ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დავა იმაზე რომ ციხის მშენებლობას შესაძლოა დასახლების ეკონომიკური გაძლიერება მოჰყვეს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია რომ ტერიტორიაზე ციხის აშენება იგეგმება განახევრდა ბინის ფასები, ციხის აშენების შემდეგ გამკაცრდება გარკვეული რეგულაციები რაც მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის მშენებლობას შეეხება, მათ შორის საკუთარ ბინაში ფანჯრის შეცლასაც კი, პერიმეტრზე დამონტაჟდება უახლესი, დიოდური ტიპის განათებები და დაიწყება ჭყონდიდელის თეთრი ღამეები.

ნეგატივი ბევრია, პოზიტივი ნაკლები, ზოგმა იბრძოლა, ზოგმა თავიდანვე ხელი ჩაიქნია, ზოგი დაიღალა, ზოგს პირადი მიზნები ამოძრავებდა, საბოლოოდ კი იმედი გაუცრუვდათ. პირად საუბრებში ადგილობრივი ხელისუფლებაც წინააღმდეგია ციხის მშენებლობის, თუმცა როგორც კი ჩაირთვება კამერები და ჟურნალისტები კითხვებს სვამენ, ისინი მაინც ჯიუტად ამტკიცებენ რომ ციხეები დასახლების "განვითარებას" ხელს შეუწყობს.

და მაინც რატომ შენდება ციხე დასახლებულ პუნქტში? როდესაც რუსთავის სიახლოვეს უამრავი თავისუფალი სივრცეა, მათ შორის იაღლუჯის ფერდზე, თუნდაც იქ სადაც #6 დაწესებულებაა.

 

გიორგი ჩომახაშვილის ბლოგი

ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები