პრემიერ-მინისტრის მოხსენება

2019-06-03 17:42:17

„რუსთავში 2 ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება“, - ამის შესახებ 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი.

პრემიერის ანგარიშის მიხედვით, ეს პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას ემსახურება.

გარდა ამისა, მოხსენებაში საუბარია ამ კუთხით დაგეგმილ სხვა პროექტებზეც.

რუსთავში 2 ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება (120 და 700 მსჯავრდებულზე განსაზღვრული) გაიხსნება; ლაითურის ციხის ხელახალი პროექტირება დასრულდება 2019 წლის ივნისისათვის და რეკონსტრუქცია დაიწყება 2019 წლის ბოლოს; ქსნის #15 და #19 დაწესებულებების ტერიტორია გაიყოფა 4 ნაწილად და შეიქმნება 3 ახალი დაწესებულება, რომელთა პროექტირებაც მიმდინარეობს და უახლოეს ხანებში ჩაუტარდება ექსპერტიზა. შედეგად, #19 დაწესებულების ტერიტორიაზე გაიხსნება 680-კაციანი და 140- კაციანი დახურული ტიპის ორი დაწესებულება; ხოლო #15 დაწესებულების, ე.წ. ძველი ზონის ტერიტორიაზე − 120-კაციანი დახურული ტიპის დაწესებულება,“ - ნათქვამია მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, დასახლებულ პუნქტთან ახლოს პენიტენციალური დაწესებულების მშენებლობას რუსთაველები უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ.